ფედერაციის შესახებ

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია დაარსდა –  27.06.1991

FIE (მსოფლიო ფარიკაობის ფედერაცია)-სა და  EFU (ევროპის ფარიკაობის კონფედერაცია) -ის  წევრი 7.06.1992 -დან

პრეზიდენტი: 1991- 2016 არჩილ გოგელია,  2016-2018 ზაზა მჭედლიძე,  2018 –  მერაბ ბაზაძე.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას ახალი ლოგო აქვს. ლოგოს ფარის ფორმა აქვს, ლოგიკურია, რომ ფარს ზემოთ გამოსახულია თანამედროვე ფარიკაობის სამივე იარაღი: დაშნა, რაპირა და ხმალი. ფარს გვერდებზე ქართულ და ფრანგულ (FIE ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ) ენებზე აქვს წარწერა საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, რომლებიც საქართველოს ეროვნული დროშით არის გამოყოფილი. ფარს შიგნითაა მითითებულია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დაარსების წელი. და რაც მთავარია, ფარზე გამოსახულია ლეგენდარული ფოტოს გრაფიკული გამოსახულება, რომელიც 1959 წელსაა გადაღებული და მასზე მსოფლიო ჩემპიონის, ქართველი დაშნით მოფარიკავის გურამ კოსტავას ორიგინალური მოძრაობაა აღბეჭდილი.

უფრო დაწვრილებით ამ ფოტოს ისტორიაზე შალვა და გიორგი კოკოჩაშვილებს თავის წიგნში „ინოვაციები და გამოგონებები ფარიკაობაში“ აქვთ მოთხრობილი. უცვლელად გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან.

1959 წელი, აგვისტო, მსოფლიო ჩემპიონატი, დაშნა, ბუდაპეშტი (უნგრეთი). მარცხნივ – პიერო ტასინარი (იტალია), მარჯვნივ – გურამ კოსტავა (საქართველო, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში – 1961, 1967 წწ.).

ზემოთ აღნიშნულ ფოტოს (კოსტავა – ტასინარის) საკმაოდ  საინტერესო ისტორია აქვს. ამ წიგნის ავტორებმა, და ამავდროულად გურამ კოსტავას მეგობრებმა, ეს ფოტო 2014 წლის 16-17 თებერვალს „ფეისბუქზე“ განათავსეს ინტერნეტში. სულ მალე ამ ფოტოზე, გურამ კოსტავასა და პიერო ტასინარის  შვილებისგან – ნინო კოსტავასა და დაგო ტასინარისაგან, მივიღეთ მათი იდენტური კომეტარები: „ჩემი მამა“.

ეს კომენტარი ჩვენ დაგო ტასინარს გავაცანით, და მან მამამისის ფოტო გამოგვიგზავნა. გურამ კოსტავა ძალზე გახარებული იყო მისი ძველი მეგობრის ფოტოს ნახვით და საკუთარი ფოტოს გადაღებაზეც დაგვთანხმდა (2015 წლის 4 მარტი) (სურ. 38).

მოგვიანებით კი, სტეფენ ანტონი ფიშერმა, ინტერნეტში, კორი სტაუბლის ხსოვნის მედლის ფოტო გამოაქვეყნა. კორი სტაუბლი რაპირით მოფარიკავე იყო. იგი კენტუკის შტატში (აშშ) ცხოვრობდა. 2002 წლის 9 ივლისს, მთვრალმა მძღოლმა კორი სტაუბლი ტრაგიკულად შეიწირა. ყოველ წელს ლუისვილის (აშშ) საფარიკაო ცენტრში მისი ხსოვნის პატივსაცემად შეჯიბრება ტარდება. შეჯიბრების საგანგებო მედალზე კოსტავასა და ტასინარის ბრძოლოს მომენტის ამსახველი გასაოცარი კადრია აღბეჭდილი. მედალი საგანგებოდ კომპანია „ქრაუნ ტროფიმ“ (კენტუკის შტატი)  დამზადდა. ფოტო სტეფენ  ფიშერისგან  არის შემოთავაზებული, თავისი წიგნების კოლექციიდან, კერძოდ, ანტონიო სპალინოს წიგნიდან „იარაღის ენა“ (1997 წ.), სადაც  ზემოთაღნიშნული ფოტო იყო გამოქვეყნებული.

ეს ინფორმაცია ავტორებისათვის ყურადსაღები აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ მედლის ფოტო გურამ კოსტავასთვის გვეჩვენებინა. ამ ფოტოს გურამ კოსტავასა და მედლის ფოტოც დავუმატეთ და 2015 წლის 5 მაისს „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნეთ. იმ დღესვე ფოტომ ბევრი მოწონება დაიმსახურა, საინტერესო იყო სტეფენ ფიშერის და დაგო ტასინარის კომენტარები.

სტეფენ ფიშერის კომენტარი (აშშ ფარიკაობის ასოციაცია, კენტუკის მხარე):

„კენტუკის დივიზიონი და ლუისვილის ფარიკაობის ცენტრის წარმომადგენელი: მე მინდა, მოფარიკავე კორი სტაუბლის ხსოვნის მედალზე შექმნილი ისტორია გაგიზიაროთ. ინფორმაცია გიორგი  კოკოჩაშვილმა მომაწოდა, რისთვისაც მას ვუხდი მადლობას“.

„1959 წლის, ბრძოლა გურამ კოსტავას (მარჯვენა) და პიერო ტასინარის (მარცხნივ) შორის. გურამი 0:4 აგებდა და მან ბოლოს 5:4 მოიგო. ეს გურამის მიერ მიყენებული მეორე თუ მესამე ჩხვლეტა იყო. გურამი ძალიან ხშირად აყენებდა ასეთი მდგომარეობიდან ჩხვლეტებს. საოცარია, რომ ინტერნეტში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მივიღე გურამ კოსტავას ქალიშვილისგან  წერილი, რომელიც ახლა ვაშინგტონში (აშშ) ცხოვრობს, სადაც აღნიშნა, რომ „ეს მამაჩემია“ და იგივე შეტყობინება  „მამაჩემი“  დაგო ტასინარიმაც გააკეთა.

მესამე სურათზეა გურამ კოსტავა“.

დაგო ტასინარის კომენტარი:

„ჩემმა მეგობარმა, გიორგი კოკოჩაშვილმა მედლის ფოტო აღმოაჩინა, რომელზეც ასახულია მამაჩემსა და ქართველ კოსტავას შორის 1959 წლის, ბუდაპეშტში გამართული მხოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლოს მომენტი. მან განმარტა, რომ ეს მედალი, ლუისვილის ფარიკაობის ცენტრისათვის, გარდაცვლილი ახალგაზრდა მოფარიკავის, კორი სტაუბლის  ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებისათვის შეიქმნა. გმადლობთ ამ ფოტოს გამორჩევისთვის-ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია!“

დაგო ტასინარი და გიორგი კოკოჩაშვილი (მილანი, იტალია, აპრილი, 2017) (სურ. 40)

წიგნის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ დიდი სპორტსმენების ეს პატარა ამბავი საინტერესო იქნებოდა, ისევე როგორც სხვა ტექნიკური და ინოვაციური ინფორმაცია, რომელიც მომდევნო გვერდებზეა წარმოდგენილი. ძვირფასო მკითხველებო! – ეს თქვენთვისაა.